ნათია თურნავა - ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა, მათ შორის წარუმატებლობის გამო, რაც ინვესტორმა ანაკლიის პორტში განიცადა
საქართველოში ძალიან დაგვიანდა ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც ანაკლიის პორტში ინვესტორმა განიცადა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა ფოთის პორტის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს კითხვა.
ნათია თურნავამ საქართველოში ტვირთების ზრდაზე და აქედან გამომდინარე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს პორტების ხელმძღვანელებთან და ინვესტორებთან.
„რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, ეს პროექტი ჩვენთვის ცნობილია, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. უკვე რამდენიმე წელია, ეს პროექტი არსებობს. რამდენიმე თვის წინ იყო მცდელობა, რომ სანებართვო პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ იმ დროს ჩვენი მხრიდან არ იყო მხარდაჭერილი, რადგან გარკვეული პროცედურები იყო დარღვეული. ჯერჯერობით, მათი კონკრეტული ოფიციალური მიმართვა არ გვინახავს. ამიტომ არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ცალსახად ჩანს და ჩვენი ტვირთების ბოლოდროინდელი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში მოთხოვნადია, საჭიროა და ძალიან დაგვიანდა ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც განიცადა ინვესტორმა ანაკლიის პორტში. ანაკლიის პორტი რჩება ჩვენ სტრატეგიულ პრიორიტეტად. მას უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა და ექნება სახელმწიფოდან, რაც მაძლევს იმედს, რომ ეს პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, ამაზე მეტყველებს ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკების ინტერესი.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ იჩენს დაინტერესებას, თუნდაც ტენდერის გამართვის პროცესში, რომ დაგვეხმაროს. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ანაკლია კვლავაც არის ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.