ნათია თურნავა - ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები უკვე დაშვებულია, მაგრამ ზომიერება უნდა დავიცვათ
დღეიდან ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები დაშვებულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რიგ სფეროში დასაქმებულთათვის.
„პრაქტიკულად დღეიდან უკვე დაშვებულია არის ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა, მათ შორის სადღესასწაულო, საკონცერტო, ქორწილები, ყველა ახალგაზრდა ვულოცავ ამ რეგულაციის შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს, რეკომენდაცია არის, რომ 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. უნდა დავიცვათ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიც. მთლიანობაში დღეიდან ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი დასაქმებულებისთვის, მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთმენეჯერები, სატრანსპორტო კომპანიები, რესტორნები, სასტუმროები, ვინც მონაწილოებს ასეთი ლამაზი ღონისძიებების მოწყობაში. გარკვეული სიფრთხილის დაცვით, დღეიდან შეგვიძლია, ამ საქმიანობას შევუდგეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მცირეა სფეროები, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვა. ამასთან, მზადდება პროტოკოლი სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ვირუსი არსად გამქრალა, მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, მსოფლიო ახალ, სამწუხარო რეკორდებს და ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის მიხედვით. ჩვენ პარალელურად, გარკვეულწილად გავხსენით საზღვრები. მონიტორინგის ქვეშ, მაგრამ ხდება შემოსვლა ბიზნესვიზიტორების, ხუთი უსაფრთხო ქვეყნიდან შემოდიან, რეგულარული რეისები ნაწილობრივ დაშვებულია კონკრეტული აეროპორტებიდან და შემოდიან ვიზიტორები. თუ გვინდა, შემდგომში ამ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი საქმიანობა გავხსნათ და არ მოგვიწიოს უკან დახევა, სიფრთხილე და სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა თურნავამ.