ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გერმანიის ელჩთან, პიტერ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში განახორციელა.
როგორც თურნავა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკი საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება.
„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ. ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.