ნათია თურნავა - „გაზპრომთან“ კონტრაქტის გადახედვა ფასის შემცირებას ემსახურება, ფასი დაახლოებით 15 პროცენტით დაიკლებს
„გაზპრომთან“ კონტრაქტის გადახედვა ფასის დაკლებას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ბუნებრივ გაზზე ფასის 15 პროცენტიან შემცირებაზე.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბუნებრივი გაზის ბაზარზე 2018 წლიდან მოყოლებული მეტი კონკურენცია უზრუნველყო.
„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე. გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის კომერციული გაზი ბაზარზე. გათვალისწინებით ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო, ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15 პროცენტით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი შეფასებით, დღეს აღნიშნული ბაზარი სრულად კონკურენტულია.
„კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც „სოკარი“, ანუ აზერბაიჯანული გაზის შემომტანი, ასევე „გაზპრომი“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს. ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუქტურაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.