ნათია თურნავა - გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა სამ წელში 1 300 000 ოჯახს მიაღწევს
პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა 2019-2021 წლებს მოიცავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 209 მილიონი ლარი იხარჯება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, რათა გაზიფიცირების ინფრასტრუქტურა ყოფილიყო მაქსიმალურად დივერსიფიცირებული.
„საბოლოო ჯამში, მთლიანად საქართველოს აბონენტებს 85 პროცენტამდე მოვიცავთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ 85 პროცენტიანი მაჩვენებელი საკმარისი არ არის.
მისი თქმით, მთავრობის გამოწვევად სწორედ დარჩენილი 15 პროცენტი რჩება.
მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პარალელური პროგრამა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის.
„ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ფორმებს და ტექნოლოგიებს, თუ როგორ მივაწოდოთ სითბო თითოეულ ოჯახს“, -აღნიშნა მან.
მინისტრის ინფორმაციით, მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა სამი წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც 226-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
„აქედან 60-მდე მეტი დასახლებული პუნქტი უკვე წელს თავის ქუჩებში დაინახავს ტექნიკას. სამუშაოები ზოგიერთ სოფელში უკვე დაწყებულია, ზოგიერთში კი, ეტაპობრივად დაიწყება, მათ შორის არის ისეთი პუნქტები, სადაც ისტორიულად გაზი არასოდეს ყოფილა, მაგალითად, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ტყიბულის რაიონის სოფელი ორპირი, სადაც წელს უკვე იწყება და გაისად დასრულდება მშენებლობა, ქობულეთის რაიონის სოფელი გორგაძეები და ა.შ. საკუთარი თვალით ვნახე, რამდენ პერსპექტივებს აჩენს ეს აღნიშნული რეგიონებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.