ნათია თურნავა - იანვრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, გვაქვს კლება, თუმცა სავაჭრო დეფიციტი 62 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული
გამოქვეყნდა იანვრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს იანვარში კლება, რადგან კვლავინდებურად მესამე ტალღა მძვინვარებს ზოგადად მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა დამოკიდებულია არ მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ, გარე ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. ეს ყოველთვის არის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 16%-ით არის კლება როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში.
„თუმცა შემიძლია ვთქვა – ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი 62 მილიონი დოლარითაა გაუმჯობესებული. ანუ, ე.ი. სწორედ აი, ეს თანხა, რითაც ასე ვთქვათ, მეტი არის ექსპორტი, ვიდრე იმპორტი, გაუმჯობესებულია ეს ბალანსი.
ასევე გვაქვს მოლოდინი, როდესაც სტატისტიკის სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტში გვექნება უფრო მეტად პოზიტიური დინამიკა, ვიდრე ზოგადად ექსპორტში. შეგახსენებთ, რომ გასული წელი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე ეკონომიკისთვის და საგარეო სექტორისთვის, საგარეო ვაჭრობისთვის, გვქონდა ყოველთვის პოზიტიური დინამიკა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში, რაც სხვათა შორის, ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს, რათა დავიცვათ ეპიდვითარება, მაგრამ მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვამუშავებთ ბიზნესებს, რათა განხორციელდეს მეტი ექსპორტი, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.