ნათია თურნავა - გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შესრულებას ყველა მოქმედ სუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხორციელდება კონტროლი, თუ როგორ ასრულებენ მოქმედი ბიზნესები და ორგანიზაციები ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
მისი თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე უწყება ერთობლივად მუშაობს.
„ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი. საგანგებო შტაბის ფორმატში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყება. მათ შორის, რაც შეეხება მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს ვახორციელებთ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით, თუმცა ეკონომიკის სამინისტროც ვართ ამაში ჩართული და სხვა რამდენიმე უწყება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება და ამისთვის ყველა უნდა მოემზადოს.
„ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება, განხორციელდება. მინდა, ყველა მოემზადოს ამისთვის, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაცვა საკუთარი თანამშრომლების პირადი დაცვის საშუალებებით და სხვა ყველა რეკომენდაცია და მითითება შეასრულონ, მათ შორის სავალდებულო თერმოსკრინინგით. ამ ვალდებულების შესრულებას ყველა მოქმედ სუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.