ნათია თურნავა - ფრთხილი პაუზა ავიღეთ, თუმცა გავაგრძელებთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას
გაცხადებული გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან თანდათანობით, ფრთხილი გამოსვლის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას გავყვებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ბოლო პერიოდში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.
„იმ მომენტში იყო ახალი რისკი წამოსული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამდა, მათ შორის გარე ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასების თვალსაზრისით, ასევე, გაურკვევლობას ზრდიდა. ამიტომ ჩვენ ფრთხილი პაუზა ავიღეთ, მაგრამ მთლიანობაში გავაგრძელებთ გამოსვლას მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან და მონეტარული განაკვეთის თანდათანობით შეკვეცას. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შემდგომშიც გავაგრძელოთ თანდათან ლიბერალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – განმარტა თურნავამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 25 ოქტომბერს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10 პროცენტზე დატოვა.