ნათია თურნავა - ფონდი „ქართუ“ დღესაც მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტიზაციის პროექტში ჩაერთოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას რა ოდენობის ბიუჯეტი დასჭირდება.
თურნავას თქმით, ამ დროისთვის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაფინანსების წყაროების თაობაზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, დიდი ალბათობით, მშენებლობის ნაწილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება.
„ამ ეტაპზე გადავდივართ პროექტირების შესყიდვაზე, ვამზადებთ ტექნიკურ დავალებას პროექტირებისთვის და როდესაც დასრულდება პროექტირება, გამოჩნდება მთლიანი ბიუჯეტი, გამოჩნდება, რა ნაწილს აფინანსებს მსოფლიო ბანკი და რა ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ სხვა წყარო გვჭირდება. საინტერესოა, რომ ჩვენ დავხვეწეთ მექანიზმი, ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და დიდი ალბათობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება თვითონ მშენებლობის ნაწილში, როგორც გამოცდილი მსოფლიო ბანკის პროექტების წარმართვის კუთხით. აქედან გამომდინარე, მივდივართ გეგმაზომიერად. როდესაც გვექნება უფრო ნათელი სურათი ტექნიკურ დიზაინთან და ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე წყაროებზეც დავკონკრეტდებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას განმარტებით, ფონდი „ქართუ“ დღესაც მზადაა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების კუთხით მონაწილეობა მიიღოს.
„ფონდი „ქართუ“ ყოველთვის აცხადებდა და დღესაც აცხადებს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს, უბრალოდ ჯერ უნდა ვნახოთ ბიუჯეტი და იქნება თუ არა საჭიროება, რომ ჩაერთოს კიდევ რომელიმე, გარდა მსოფლიო ბანკისა“ ,- აღნიშნა ნათია თურნავამ.