ნათია თურნავა - ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა ონლაინფორმატში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ონლაინშეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთან საქართველოს მთავრობა ანტიკრიზული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.
„შეხვედრის დასაწყისში ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. მწვანე ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა.
გარდა ამისა, ონლაინშეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა და სხვ., ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.