ნათია თურნავა - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა ის პლატფორმაა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტის, არამედ ქართული ენერგეტიკის ირგვლივ
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელისგან, დირკ ბუშლესგან დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ პირადად ჩაერთვება „ნამახვანჰესის“ ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში – სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დირკ ბუშლესთან „ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციის პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვის საკითხზე შეთანხმდნენ.
„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი „ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ჩართვა ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ნამახვანის პროექტზე გარკვეული კითხვები აქვთ. შედეგად, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესისა და სხვა დაკავშირებული პროცედურების რევიზია, მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია და შეთანხმება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამახვანის პროექტის, არამედ ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სხვა ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.