ნათია თურნავა - ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და კრიზისის დროსაც სოლიდურად დაგვიდგა გვერდში, ძალიან მადლობლები ვართ ამისთვის
ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ახლაც, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ამისთვის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავტორიტეტული სტრატეგიული ცენტრის „სტრატეჯისტის“ (StrategEast) მიერ ორგანიზებული ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.
მათივე ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და აღნიშნა, რომ ეფექტურად მართულმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა მისცა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე და იმ სექტორებზე, რომლებზეც მთავრობა პოსტკრიზისული პროგრამის ფარგლებში აქცენტს გააკეთებს ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვისა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.