ნათია თურნავა - ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, დარწმუნებული არ ვიყო, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩვენთვის  სტრატეგიულია, გადადგომაზე არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა
ნათია თურნავა - ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, დარწმუნებული არ ვიყო, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩვენთვის სტრატეგიულია, გადადგომაზე არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა

ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, დარწმუნებული არ ვიყო, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩვენთვის  სტრატეგიულია, დღეს აქ არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

აღნიშნულით თურნავამ შეაფასა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები, რომელთა შორის არის ეკონომიკის მინისტრის გადადგომის საკითხი.

„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს აქ, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც იქნება  ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი. „ნამახვანი ჰესი“, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია უნდა შედგეს სწორ ფორმატში.

„ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, კომუნიკაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, ექსპერტების, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიაზე და ჰიდრონაგებობების მდგრადობაზე. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც უპრიანია, გაირკვეს ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა აღნიშნა თურნავამ.