ნათია თურნავა - ერთი დღეა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვართ ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ სიაში, ახლა ყველა ქვეყანასთან გვექნება საუბარი, რა რეჟიმში აღდგება ჩვენს შორის მიმოსვლა
სულ ერთი დღეა, რაც ოფიციალურად დაგვიდასტურდა, რომ ვართ ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ახლა ყველა ქვეყანასთან გვექნება საუბარი, რა რეჟიმში აღდგება ჩვენს შორის მიმოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
რაც შეეხება ჩეხეთის გადაწყვეტილებას, საზღვრების რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის შესახებ, რომელთა შორისაც საქართველო არ არის, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დღეს თავად ჩეხეთი განიცდის გარკვეულ პრობლემებს პანდემიასთან მიმართებით და ცდილობს, ნაკადები არეგულიროს.
„თავად ხედავთ, რომ ევროკავშირის შიგნითაც ქვეყნები ძალიან ფრთხილად და ძალიან სელექტიურად უდგებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, საზღვრების გახსნასაც. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ჩვენც სულ ერთი დღეა, რაც ოფიციალურად დაგვიდასტურდა, რომ ვართ ამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ახლა სათითაო ქვეყანასთან გვექნება საუბარი, რა რეჟიმში აღდგება ჩვენს შორის მიმოსვლა. იმედი მაქვს, რომ ჩეხეთიც შემდგომში მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას, თუმცა დღეს თვითონ ჩეხეთი განიცდის გარკვეულ პრობლემებს და ბუნებრივია, ცდილობს, საკუთარი მოსახლეობა მეტად იყოს დაცული და არეგულიროს ფრენების ნაკადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩეხეთიდან ტურისტად დაფრინავდა საქართველოში. ეს არის ადამიანების დიდი ნაკადი და ყველა ქვეყანა ფიქრობს თავის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. რა გასაკვირია, რომ საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, უფრთხილდება პირველ რიგში ამ მონაპოვარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.