ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი, პირველ რიგში, ხელმძღვანელობს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება, საერთშორისო პარტნიორებს მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, რეაქცია და შეფასება იმისა, უნდა აღასრულებდეს თუ არა ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციას, მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს.
საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი, პირველ რიგში, ხელმძღვანელობს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება.
„რაც შეეხება განმარტებას და დეტალებს, ჩვენ შემდგომი დღეები სწორედ ამით ვიქნებით დაკავებული, რომ უფრო მეტი ინფორმაცია და დეტალი მივაწოდოთ როგორც ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკებთანაც გავივლით, როგორ ხდება ამის აღსრულება ისე, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულებებიც იყოს შესრულებული და აქაც არ გაჩნდეს კითხვები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.