ნათია თურნავა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრთან ერთად, ენგურჰესში იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.
„2021 წლის 20 იანვარს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაჩერდა. სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და მათი უმავლესობა ადგილობრივია.
სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30-35 პროცენტინი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.
რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, შვიდი მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.