ნათია თურნავა - EBRD არის ქართველი ხალხის, საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს, მათ შორის, ჩვენი საბანკო სექტორის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ის დამატებითი რესურსი, რომელიც პანდემიის დროს ასაზრდოებს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესებს, ხელმისაწვდომი დაფინანსების მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე EBRD-ის ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში.
„რაც შეეხება რეფორმების პროცესში დახმარებას, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში, ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, ასევე სექტორული რეფორმების მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფ ენერგეტიკის სექტორის რეფორმისა და ამ სექტორის განვითარებაში გაწეულ დახმარებას EBRD-ის მხრიდან. ისინი გვეხმარებიან ქვესადგურების, გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში და ახალი, განახლებადი წყაროების ხელშეწყობაში, კერძოდ, აუქციონების სისტემის დანერგვაში. გვეხმარებიან ისეთი უახლესი ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა მწვანე წყალბადის ტექნოლოგია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარებაა ენგურის აუზის შესწავლა, ენგურჰესის რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი წყაროა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.