ნათია თურნავა - ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა, ადგილობრივებს შეხვდა და სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.
ნათია თურნავას განცხადებით, 2019-2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს.
„გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ასევე სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენს გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
„ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში, ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.
„შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმ დასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ-ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას ასევე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე ესაუბრა, რომლით სარგებლობაც თითოეულ მათგანს შეუძლია.