ნათია თურნავა - მუშაობის გაგრძელება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ბიზნესისთვის, რასაც უნდა უპასუხონ მაღალი გარანტიებით თანამშრომლებისა და კლიენტებისადმი
მუშაობის გაგრძელება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ბიზნესისთვის, რასაც უნდა უპასუხონ მაღალი გარანტიებით თანამშრომლებისა და კლიენტებისადმი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
ნათია თურნავას განცხადებით, გამოქვეყნდა იმ სექტორებისა და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, მაგრამ გარკვეული დათქმებითა და წინაპირობებით.
„მათ შორის ძალიან ბევრია ისეთი საქმიანობა და ისეთი სფერო, რომელიც უნდა გადავიდეს დისტანციურ ფორმატში. დისტანციური ფორმატიც არის განმარტებული და ამასაც მინდა, მენეჯერებმა, კომპანიების მფლობელებმა მიაქციონ ყურადღება. უპირატესად, ეს არის სახლიდან საქმიანობის წარმოება და ოფისიდან მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში.
ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემათშემქნელი წარმოებების, რამდენიმე ათეული წარმოებების ჩამონათვალი, ძირითადად ეს არის მძიმე მრეწველობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და გადამუშავება, რომელთა გაჩერება უბრალოდ, მიზანშეუწონელი იყო ამ ეტაპზე. მაგრამ მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ამ გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილი უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა ბიზნესისთვის და წარმოებისთვის, ვინც დღევანდელ დღეს, ამ გამკაცრებული რეჟიმის მიუხედავად, მაინც რჩება და მუშაობს. მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ სრულიად მაღალი გარანტიებით თავიანთი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდება არანაირად გადახვევა იმ წესებისგან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.