ნათია თურნავა - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს
ნათია თურნავა - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელება.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის ნამახვანის ჰესის არსებობა უმნიშვნელოვანესია.

„ვინაიდან დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს, ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია, ადგილობრივი ორგანიზაციები და ასე შემდგ, ეს იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო აღნიშნული პროექტი. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ. პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თურნავამ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.