ნათია თურნავა - დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში დღეიდან იწყება ბიზნესსუბიექტების შემოწმება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს.
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წარმატებით გაივლის შემოწმების პროცესს, შეეძლებათ თავისუფლად, მშვიდად განაგრძონ საქმიანობა.
„ახლა საქართველოში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით საქმიანობები გვაქვს ნებადართული. სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს და ჯანდაცვის გაიდლაინებს. ძალიან ოპერატიულად, პარასკევს ჩვენ მოვახერხეთ და განვათავსეთ სპეციალური, სხვადასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე. ასევე ჩვენი კოლეგებიც ჩართულები არიან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, ბიზნესი. რადგან სურთ, დროულად დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ძალიან ბევრი, უკვე ასობით აპლიკაციაა შემოსული და პრაქტიკულად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებიდან, ვისაც დღეისათვის მიეცათ უფლება ფუნქციონირების“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შემოწმების პროცესი ინტენსიურად წარიმართება.
„ჩვენი შემოწმების ეს დიდი პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით, დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. რა თქმა უნდა, პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
შევეგუოთ, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდებათ თვითონ კომპანიებს და ბიზნესებს რათა ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო, რადგან სამომავლოდ, ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ კარგად მოემზადეთ. ეს რამოდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მართლაც წარმატებით გაიაროთ ჩვენი შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ამ პროცესში სახელმწიფოს მიზანს დასჯა არ წარმოადგენს.
„როგორც მოგახსენეთ, ვიწყებთ დღეიდან ამ შემოწმებებს, პერიოდულად გავაშუქებთ კიდევაც რომელი საწარმო როგორ ასრულებს. ასევე თუკი ჩვენ რამე გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუ რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს, წესს და ჩვენ რა თქმა უნდა, სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანა არის ამ პროცესში არა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა დღესდღეობით, არამედ დახმარება ბიზნესების, რომ რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ, პოსტკორონასეულ ეტაპზე და იყვნენ სრულიად უსაფრთხო და შეძლონ თავისუფლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.