ნათია თურნავა - დღეიდან „საქართველოს ფოსტის“ კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებსა და პირბადეებს სახლში მიუტანენ
დღეიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.
მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტას“ გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და ყურადღება მის სოციალურ დატვირთვაზე გაამახვილა. მისი თქმით, პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან „საქართველოს ფოსტა“ ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ.
„ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს ფოსტის“ კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.