ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მყარი თანამშრომლობა გაგრძელდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მყარი თანამშრომლობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებზე.
„პროგრამა, იცით, რომ არ არის შეწყვეტილი, მაგრამ, გაზაფხულიდან მოყოლებული, არის გადადებული მისი მეორე მიმოხილვა. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვაქვს ძალიან მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან. ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ პროგრამის აღდგენა-აქტივაცია დაჩქარდეს. ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ეროვნული ბანკის ინსტიტუციური გაძლიერება, მისი დამოუკიდებლობის გამყარება. დღესდღეობით ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ჩვენი დამოუკიდებლობა გარანტირებულია, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუციურად ჩვენი ორგანიზაცია. ამ თვალსაზრისით, ვმუშაობთ გარკვეულ საკანონმდებლო პაკეტზე, ინიციატივებზე“, – განაცხადა თურნავამ.