ნათია თურნავა - ჩვენმა ბიზნესმა ბევრი გადაიტანა და ისეთ სიმაღლეზე დადგა, ძალიან კონკურენტულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც
სახელმწიფო აქტიურად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბიზნესის დაცვაზე საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესის ინტერესს დაიცავს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით.
„პრინციპში, ქვეყნის შიგნით მათ დაცვა არ სჭირდებათ. მხარდაჭერა და სამართლიანი თამაშის წესებია. ჩვენმა ბიზნესმა ბევრი რამ გადაიტანა და უკვე ისეთ სიმაღლეზე დადგა, რომ ძალიან კონკურენტულია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ბოლო მაგალითია „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი „ელსელემა“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და შვეიცარიელ პოლიციელებს ფორმებს შეუკერავს. ეს ლანჩხუთში მდებარე საწარმოებია. ასეთი საწარმო საბედნიეროდ ბევრი გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ამ კომპანიებს სჭირდებათ დაცვა და ლობირება საზღვარგარეთ.
„მათ სჭირდებათ ინტერესების დაცვა და ლობირება საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ არ დაიჩაგრონ ტენდერებში და არ დაახვედრონ რამე სავაჭრო ბარიერები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.