ნათია თურნავა - ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლო კითხვები, პრაქტიკულად, ჩავხურეთ, საბჭო არის ქმედუნარიანი
ნათია თურნავა - ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლო კითხვები, პრაქტიკულად, ჩავხურეთ, საბჭო არის ქმედუნარიანი

შეიძლება, მქონდეს ჩემი რაღაც მოსაზრებები და მოტივაციის გაგება ასევე მიჭირს, მაგრამ მე არ შევალ ამის პოლიტიკური საფუძვლების სპეკულაციაში, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრი და ერთი მრჩეველი, როდესაც მათ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით თუ თავიანთ არგუმენტებს სამართლებრივად ასაბუთებდნენ.

„ჩემს ყოფილ კოლეგებზე, მეგობრებზე მიჭირს საუბარი. შეიძლება, მქონდეს ჩემი რაღაც მოსაზრებები და მოტივაციის გაგება ასევე მიჭირს. ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. ამ შემთხვევამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია თვითონ ჩვენი თანამშრომლობის მოტივაციაზე და, თავისთავად, გააჩინა კითხვები. იმიტომ, რომ სამი ვიცე-პრეზიდენტის ასე ერთად წასვლა ინსტიტუციიდან, რა თქმა უნდა, არის მძიმე ფაქტი, მაგრამ მე არ შევალ ამის პოლიტიკური საფუძვლების სპეკულაციაში. უბრალოდ, ვერ შევალ, სიმართლე გითხრათ. მეც მიჭირს ახლა ჩემს ყოფილ კოლეგებზე ასე საუბარი“, – განაცხადა თურნავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებას და იყო თუ არა ერთგვარად პოლიტიზებული საბჭოს ახალი წევრების დანიშვნის პროცესიც, რომლებიც პრეზიდენტმა ჯერ წარადგინა, შემდეგ კი გაწვევას აპირებდა და, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევის შემდეგ ისინი პრეზიდენტმა დაიბარა და სთხოვა, აღნიშნული თანამდებობა არ დაეკავებინათ, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საბჭო არის ქმედუნარიანი, ხოლო პოლიტიკოსის ქმედებებში და მოტივაციაში შესვლა უჭირს.

„ეს მეც მსმენია მედიიდან. მე ჯერ არ მქონია ამ ადამიანებთან ურთიერთობა და როდესაც ისინი უკვე ფიზიკურად შემოგვიერთდებიან და სხდომები გვექნება, ალბათ ამის შესახებ თვითონ მოჰყვებიან. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და, როგორც ჩანს, ჰქონდა, მე ძალიან მიჭირს ამის ახსნა, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ ყოფილა არავის ჩართულობა და ჩარევა ამ ორი კანდიდატის შერჩევაში. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მან თავად შეარჩია და თავად ჩათვალა, რომ ეს ადამიანები შესაფერისი არიან, ჩვენი ბორდის წევრები გამხდარიყვნენ. მიჭირს ამის ახსნა, ერთი თუ ორი კვირის წინ წარდგენილი ადამიანები უცებ რატომ გახდნენ უკან გასაწვევი, რისი უფლებაც, სხვათა შორის, არც ჰქონია პრეზიდენტს და, რა თქმა უნდა, ეს ასე არც მოხდებოდა, მაგრამ ფაქტია, ამ ადამიანების დამატებით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლო კითხვები, პრაქტიკულად, ჩავხურეთ. საბჭო არის ქმედუნარიანი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, რთული მოცემულობის მიუხედავად, ინსტიტუციაში კრიზისი არ არსებობს, ყველა თავის საქმეს ასრულებს და ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა.

შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს ბოლო დღეების განმავლობაში ცალკეული ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და პროგნოზებს, რომ მოქალაქეები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან, რომ „სვიფტის“ სისტემიდან ჩაიხსნება ქართული ბანკები, მოქალაქეებს შეეზღუდებათ საკუთარ ანაბრებსა და დანაზოგებზე წვდომა, ვერ გამოიყენებენ პლასტიკურ ბარათებს, ვერ მიიღებდნენ გზავნილებს და ა.შ., ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროგნოზს ვერ დაარქმევს იმას, რა აპოკალიფსური სურათიც სხვადასხვა უპასუხისმგებლო ადამიანის მხრიდან იხატებოდა, ეს შეფასებები მთლიანად პოლიტიზებული იყო და ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს კომერციული ბანკების განცხადება, რომელიც მათ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად და იყო თუ არა ეს მათი დაუმორჩილებლობა მარეგულირებლის მიმართ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, მათი პოზიცია ერთია და არ შეიძლება, განსხვავებული იყოს.

„ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, მათ საჯაროდ კიდევ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგული არიან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.