ნათია თურნავა - ჩვენი მთავრობა სრულად მართავს სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ეკონომიკის, ბიზნესის მუშაობის გაგრძელებას
ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი – ვიდრე არსებობს პანდემია, ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობას, ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, ჩვენი კლინიკური სექტორი, ჩვენი ეპიდემიოლოგები ასევე გააგრძელებენ და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ პრევენციაზე და ვირუსის გამოვლენაზე მუშაობას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანას ადეკვატური შესაძლებლობა აქვს როგორც ტესტირების სიმძლავრეების, ასევე საავადმყოფოების თვალსაზრისით.
მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა გააძლიეროს ის პირველი დადებითი ნიშნები, რომლებიც უკვე გაჩნდა ჩვენს ეკონომიკაში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიისა.
„მათ შორის თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა; ეკონომიკური ვარდნის ტემპის არსებითი შემცირება; ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდა, რაც უკვე ივნის-ივლისში შეინიშნება; მათ შორის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც ძალიან დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას. ეს არის ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი – ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გააგრძელოს პანდემიის მიუხედავად. ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ ამ სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების შეუფერხებელ გაგრძელებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ამ სიტუაციაში კერძო სექტორის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იცავს თითოეული კონკრეტული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი დაწესებულ რეკომენდაციებს და წესებს.
„მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება, ეს არ დაგვჭირდება, ასევე არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები, მაგრამ მოხდება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიაში ინფიცირების შემთხვევები და მათი გავრცელება, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, იცავენ თუ არა წესებს ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლები“, – განაცხადა მან.