ნათია თურნავა - ჩვენი გეგმაა, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9.5 პროცენტამდე შევამციროთ
ჩვენ განვაცხადეთ კიდეც და ამ პოლიტიკას მივყვებით, ეტაპობრივად გამოვდივართ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე დარჩენილ სხდომებზე განაკვეთის კლების შესახებ გადაწყვეტილებებს მცირე ბიჯებით მიიღებს.
„ეტაპობრივად ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. შეიძლება, ეს უფრო ფრთხილი ბიჯებით გავაკეთოთ, მაგრამ გეგმა და ჩვენი პროგნოზი იგივეა, რაც იყო აქამდე გაცხადებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობის შემთხვევაში წლის ბოლომდე 1 პროცენტით, 9.5 პროცენტამდე შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს პროცესი შემდგომ გაგრძელდება და საშუალოვადიან პერიოდში, ვვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე და 7 პროცენტამდე შევამცირებთ. ანუ, ჩვენ არსებული ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ეტაპობრივი შერბილება მონეტარული პოლიტიკის იმდაგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი, ანუ 3-პროცენტიანი ინფლაციის ირგვლივ, ეს იყოს მიღწეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვიურად მიმდინარე პროცესებს და გვაქვს საშუალება, რომ მოქნილად ვირეაგიროთ, მაგრამ დღეის გადმოსახედიდან ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის გამო, 11 პროცენტამდე 2022 წელს გაზარდა, წელს მაისში ის ჯერ – 0.5 პროცენტული პუნქტით, დღეს კი დამატებით 0.25 პროცენტით 10.25 პროცენტამდე შეამცირა.