ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი სამიზნე არის კომპანიების საბრუნავი საშუალებების პრობლემის გადაჭრა
ჩვენი დახმარების ერთ-ერთი სამიზნე არის კომპანიების საბურნავი საშუალებების პრობლემის გადაჭრა, რათა მათ დასაქმებულების შენარჩუნება შეძლონ. ამას რა გზით გავაკეთებთ, ამ დღეებში გახდება ცნობილი. თუმცა, ეს იქნება ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გარკვეულ პერსპექტივასაც ქმნის და პანდემიის დასრულების შემდეგ მთელი რიგი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იკვეთება. დისკუსიის დროს ასევე აღინიშნა, რომ ხუთმა მსხვილმა ბიზნესგაერთიანებამ მთავრობას თხოვნით მიმართა, ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს. წერილის ავტორები თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ მთავრობა დროებით გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს დაუშვებს.
ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ მთავრობა კომპანიების ლიკვიდობის პრობლემას ხედავს და მისი გადაჭრის მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა კონკრეტულად რა მექანიზმებს გამოიყენებს, ეს შედარებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჩვენი დახმარების ერთ-ერთი სამიზნე არის საბრუნავი საშუალებების [ლიკვიდობის] პრობლემის გადაწყვეტა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ კომპანია იყოს ჯანსაღი და ჰქონდეს იმდენი რესურსი, რომ შეინარჩუნოს ადამიანები, გასცეს ხელფასი და გააგრძელოს ფუნქციონირება შემდგომში, როცა უკვე ყველა შევძლებთ. რა გზით გავაკეთებთ ამას, იქნება ეს გადასახდების გულუხვი გაუქმება-გადავადება, რაც ჩემი აზრით, კარგად არის გასათვლელი, რამდენად შესაძლებელია, თუ იქნება ეს სხვაგვარი მხარდაჭერა, მაგალითად, სხვადასხვა ფინანსური ბერკეტები და მექანიზმები, რაზეც დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ დღეებში, ეს მოგვანდეთ ჩვენ. მე უბრალოდ პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერა“, – განუცხადა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორს“.