ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, კურორტი წყალტუბო 2024 წლიდან ამოქმედდეს
ბიზნესს უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა, თუ როგორ განვითარდება კურორტი წყალტუბო. ამ კუთხით, პირველი და მთავარი აქცენტი კეთდება გენერალური გეგმის შემუშავებაზე, რაც მოხდება არასამთავრობოს სექტორის, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით. ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს.
მისივე განცხადებით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქველმოქმედების განხორციელების ინიციატივამ ძალიან ძლიერი სტიმული შექმნა ყველასთვის, მათ შორის, იმ კონკრეტული ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ წყალტუბოში სასტუმროებს თუ სანატორიუმებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დღემდე ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხეს.