ნათია თურნავა - ჩინეთის ბაზარი ჩვენი საექსპორტო ინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
შანხაის იმპორტის ექსპოზე ჩინურმა სადისტრიბუციო კომპანიებმა საქართველოს მწარმოებლებისა და მათი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ეწვია და საქართველოს პავილიონი, ქართული კომპანიების სტენდები დაათვალიერა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო შანხაის იმპორტის რიგით მეორე ექსპოზე მეორედ მონაწილეობს. ამჯერად ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და დამთვალიერებლებისთვის 33 კომპანიამ წარმოადგინა სტენდები. მათი დიდი ნაწილი ღვინის მწარმოებლები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაჩვენებლით, ჩინეთი ქართული ღვინის მესამე მსხვილი საექსპორტო ბაზარია რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ნათია თურნავა ღვინის მწარმოებლებს გაესაუბრა, რომელთა შორისაც იყვნენ ისინი, რომლებსაც შანხაის შარშანდელმა ექსპომ პარტნიორები შესძინა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველივე დღეს ღვინის ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ, რომელმაც შანხაის ექსპოზე წელს პირველად მიიღო მონაწილეობა, ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მისი პროდუქციის ჩინურ ბაზარზე შეტანას ითვალისწინებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს პავილიონში ასევე მონაწილეობდნენ ქართულ-ჩინური კომპანიებიც, მათ შორის იყო ჩაის საწარმო, რომელსაც მაღალი ხარისხის ჩაი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოჰყავს, იქვე აფასოებს და საბოლოო პროდუქციას ჩინეთში ყიდის. როგორც საწარმოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების შესაძლებლობა, რომლის გაყიდვაც ჩინეთში და სხვა ქვეყნებშიც შეიძლება.
ქართულ კომპანიათა შორის დიდი ნაწილი სურსათის, აგრეთვე ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები იყვნენ. ამასთან, შანხაის ექსპოზე წარმოდგენილნი იყვნენ ტყავეულისა და ტექსტილის ქართველი მწარმოებლები, რომლებიც დამთვალიერებლებს მაღალი ხარისხსა და ორიგინალური პროდუქციას, ასევე მათ საწარმოო შესაძლებლობებს აცნობდნენ.
„ჩინური ბაზარი ქართული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩვენი ექსპორტი საკმაოდ გაიზარდა, ასევე მოხდა მისი დივერსიფიკაცია. ჩვენ ვიზრუნებთ, რათა უფრო მეტად გავიტანოთ ჩვენი ნაწარმი ამ უზარმაზარ ბაზარზე და მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ჩინეთის ბაზარს გააჩნია საქართველოს ინდუსტრიისთვის. ეს ჩვენი საექსპორტო მრეწველობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ისტორიულ აბრეშუმის გზაზე და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ პოტენციალს ჩვენი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავა 7 ნოემბერს სიტყვით გამოვა შანხაის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს პარალელურად გამართულ ფორუმზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.