ნათია თურნავა - ბიზნესთან ერთად კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს გავინაწილებთ
ნათია თურნავა - ბიზნესთან ერთად კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს გავინაწილებთ

საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი, პირველი რიგში მიმართულია იქითკენ, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და არ დადგეს კითხვის ქვეშ ადამიანთა დასაქმება, რომლებიც ამ კომპანიებში იღებენ ხელფასებს.,ამისთვის ჩვენ ვინაწილებთ კომპანიებთან ერთად სახელფასო ტვირთს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შეღავათი შეეხება ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა ხელფასიც არის 1500 ლარი ან ნაკლები. მინისტრის განცხადებით, ასეთია დასაქმებულთა უმრავლესობა.

თურნავას ინფორმაციით, შეღავათი არ შეეხება მაღალი რანგის მენეჯმენტს. მისი თქმით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებს ხელფასის სულ მცირე, 750 ლარის ოდენობაზე საშემოსავლო გადასახადი არ დაეკისრებათ.

„ეს შეღავათი, ერთი შეხედვით, კომპანიას უმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ხელფასები. მათ შორის, შეღავათი იმათაც შეეხება, ვისაც უკვე აქვს გადავადებული ეს გადასახადი,“ – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.