ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ფედერაციის წევრებს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
„აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50 პროცენტს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ბიზნესასოციაციასა და გაერთიანებას. მორიგი ასეთი შეხვედრა შედგა ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, რომელიც 70-მდე ბიზნესმენ ქალს აერთიანებს. ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ნათია თურნავასთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ უპასუხეს.