ნათია თურნავა - ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას, ამიტომაც ოპონენტების შეფასებები სრულიად ურთიერთგამომრიცხავია
ვფიქრობ, ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებთან დაკაშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის შეფასებები გეგმასთან მიმართებაში ურთიერთგამომრიცხავია.
„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ ვმართავთ ამ გამოწვევას, როგორ ვრეაგირებთ ეპიდემიაზე, როგორ წარმატებულად ვუმკლავდებით კორონავირუსს და ასევე, როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლმებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას. ამიტომაც ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან არის სრულად ურთიერთგამომრიცხავი. ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არაა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა, დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფო შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა, ეკონომიკის შველის პროგრამა, მათ შორის, და მთავარია სოციალური; ხან გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამაა. ანუ ისე უნდა გავიგოთ, როგორც კომპლიმენტი. წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდით ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც, მიმზიდველი პროგრამაა“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, გეგმით გათვალისწინებული ყველა ზომა დროულია.
„ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. დიახ – ეს არის დროულად მიღებული ზომები. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად განხორციელებული პროგრამა, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებისგან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები, ფინანსური შეწევნა და დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესებს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ნათია თურნავა ოპოზიციას მოუწოდებს, პროგრამას გაეცნონ და უკეთ მოემზადონ.
„ნებისმიერ კონსტრუქციულ პოლემიკაში, დიალოგში ყოველთვის შევალთ, ნებისმიერ კონსტრუქციულ შეთავაზებას გავითვალისწინებთ, რადგან კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშე ყველანი კონსოლიდირებული უნდა ვიყოთ, ყველა საღი აზრი მისაღებია. არ მივიღებთ პოპულიზმს, არ მივიღებთ კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურის მიზნით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.