ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა
ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს, სერგეი რუმასს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი, საიმედო და მჭიდრო პარტნიორია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბელარუსულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, დღეისთვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა როგორც აღნიშნა, ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების სურვილი აქვთ.

„თუ აქამდე ჩვენ ძირითადად საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბელარუსული ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო ტექნიკის მიმართულებით – იგივე, ბათუმისთვის ბელარუსული წარმოების ელექტრობუსების მიწოდება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, ახლა საუბარი შედგა იმაზე, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ლოგისტიკის სექტორში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, ბელარუსული მხარე მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ქართული აგრარული სექტორის თანამედროვე აგროტექნიკით უზრუნველყოფაში, ასევე ტექნოპარკებისა და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განვითარებაში.

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, – აღნიშნა სერგეი რუმასმა შეხვედრაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.

ბელარუსის პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია.

საქართველოს ეკონომიკის უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება – 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 94,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 9 პროცენტი). ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და ა.შ.