ნათია თურნავა - ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით
ბელარუსი დაინტერესებულია, საქართველოს გავლით, მესამე ქვეყნებზე, საქონლის მიწოდების დივერსიფიცირება მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ლოგისტიკური ჰაბია და ეს ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება, იყოს გამოყენებული.
„შეიძლება, ეს ძალიან მომგებიანად იყოს გამოყენებული ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ბელარუსი დაინტერესებულია, დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით, ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.
„ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავს.