ნათია თურნავა - ბაზრობების 15 თებერვლამდე გახსნის შესაძლებლობებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განვიხილავთ
ბაზრობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან განვიხილავთ ურთიერთმისაღებ შესაძლებლობებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება სტაბილურად, მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ღია და დახურული ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს და სექტორის წარმომადგენლებს აუხსნეს ის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მთლიანად გუნდი, ეპიდემიოლოგებთან ერთად აფასებს ვითარებას და იღებს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავუბრუნდებით საკითხის განხილვას, ასე რომ, მათთვის პერსპექტივა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომდევნო დღეებში არ მოხდა ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის ბაზრობების წარმომადგენლების პრობლემები, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან დიდი დამსაქმებელი სფერო და მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო პერიოდშიც ვერ მოხერხდა მათი გახსნა.
„აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მალე დაიწყონ საქმიანობა. ყველაფერს ვითვალისწინებთ, თუმცა, პრიორიტეტი მაინც ეპიდემიის მართვაა“, – განაცხადა მინისტრმა.