ნათია თურნავა - ბათუმის პორტს დღეს სახელმწიფო არ განკარგავს და გასაყიდად ვერ გამოვიტანდით
ბათუმის პორტს სახელმწიფო არ განკარგავს და გასაყიდად ვერ გამოვიტანდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს ბათუმის პორტის ყიდვა სურს.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ზუსტი არ არის. ასევე, როგორც მან აღნიშნა, ბათუმის პორტი ოპერირებას ყაზახური კომპანია ახორციელებს.
„ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არაზუსტია. ბათუმის პორტი დიდი ხანია, ოპერირებაში აქვს გადაცემული ყაზახურ კომპანიას, რომელიც ამუშავებს ამ პორტს. ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია, რომ სომხურ მხარეს რამე ინტერესი გამოეხატა, არ არის ცნობილი. თუ ასეთი რამე სინამდვილეში არსებობდა, ჩვენთვის ცნობილი იქნებოდა. დღეს ეს ობიექტი სახელმწიფოს არ ეკუთვნის და გასაყიდად ვერ გამოვიტანდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.