ნათია თურნავა - ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ
დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია, აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც ონლაინშეხვედრა გამართა ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან, იაროსლავ ნარკევიჩთან.
„ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ონლაინშეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.