ნათია თურნავა - ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის, ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა და აშენდება ყინულის დარბაზები
ბაკურიანში იგეგმება სასრიალო ტრასების შემდგომი განვითარება, ასევე ბიატლონის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ყინულის დარბაზების მშენებლობა და ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურის აღდგენა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფრისტაილში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი საბაგიროების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში ბაკურიანსა და ბაკურიანელებს ეს უდიდესი აღიარება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. უახლოეს 5-6 წელიწადში ბაკურიანი უმასპინძლებს სულ მცირე ორ, უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას – ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ეს იქნება ძალიან კარგი წინაპირობა და განაცხადი, რომ ჩვენ გვქონდეს ამბიცია და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ეს არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს და კერძოდ ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა მთავრობისთვის დიდი გამოწვევაა.
„ეს ასევე არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა ჩვენთვის. ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით. ბოლო წლებში განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ბაკურიანში, განახლდა კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა, პირველად საქართველოში ხელოვნური დათოვლიანების აგრეგატები დამონტაჟდა დიდველზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღევანდელი პროექტიც. დღეს საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე. ხუთ კილომეტრამდე ახალი საბაგიროები იქნება აშენებული საერთაშორისო სტანდარტის შესატყვისად, „დოპელმაიერის“ მიერ. ეს ნიშნავს დაახლოებით 20 კილომეტრამდე სათხილამურო, სასრიალო ტრასებს“, – აღნიშნა თურნავამ.