ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინვესტიციები, ენერგეტიკა და სხვ.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობაზე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, მათ შორის, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთს სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესებმა განიხილონ ახალი საქმიანი წინადადებები, შეიძინონ ახალი პარტნიორები და უკეთ განავითარონ ბიზნესკავშირები, ხოლო ფორუმზე გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.