ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამოქმედებულმა ბევრმა ბიზნესმა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ სწრაფად გადაწყობა შეძლო
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომლის მეშვეობით ამ წლებში 500-ზე მეტი ბიზნესი ავამოქმედეთ და ამოვქოქეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ აღნიშნული პროგრამა ეფექტიანია, რადგან მის ფარგლებში ამოქმედებულმა ძალიან ბევრმა ბიზნესმა კრიზისულ პერიოდში შეძლო არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გადაწყობა და ისეთი პროდუქტების წარმოების დაწყება, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია – პირბადეები, სამედიცინო კომბინიზონები, სადეზინფექციო ხსნარები თუ სხვა.
„ამ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნა გიგანტ სახელმწიფოებში, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ სახელმწიფოებში და ჩვენ ეს არ ვაგრძნობინეთ ქართველ ხალხს, რადგან გვაქვს საწარმოები, რომლებიც ძალიან აქტიურად რეაგირებენ ამაზე და სწრაფად გადაეწყვნენ ახალ წარმოებაზე, რითიც გვერდში დაუდგნენ საქართველოს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.