ნათია თურნავა - ასზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ქონება, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთვება
პირველივე ორკვირიანი აუქციონი რაც გაიმართა, ძალიან წარმატებულად დასრულდა. 150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ქონება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთვება, ინვესტიციებს მოიზიდავს და დაასაქმებს ადამიანებს.
„ძალიან სასიხარულო შედეგები მივიღეთ ამ მასშტაბური პრივატიზაციის პორველი ეტაპის შემდეგ. პირველივე ორკვირიანი აუქციონი რაც გაიმართა, ძალიან წარმატებულად დასრულდა. 150-ზე მეტი ობიექტი იყო გამოტანილი პარალელურ გამჭირვალე ელექტრონულ აუქციონებზე და პირველივე აუქციონის შედეგად 109 ობიექტი გაიყიდა. საწყისი ჯამური ღირებულება ამ 109 ობიექტის იყო 40 მილიონი ლარი. მღალი კონკურენციისა და ინტერესის გამო, ვაჭრობის პროცესში ეს თანხა გაიზარდა 60 მილიონ ლარამდე. თუმცა ესეც არ არის მთავარი. მთავარია, რომ ასზე მეტი სხვადასხვა სახელმწიფო ქონება, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო და არ მონაწილეობდა ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩაერთვება, მოიზიდავს ინვესტიციებს და დაასაქმებს ადამიანებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.