ნათია თურნავა - აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი, რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი
ნათია თურნავა - აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი, რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან ონლაინშეხვედრა გამართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი გეგმები.

„ონლაინშეხვედრისას აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა და მის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ და განხორციელებულმა პროექტებმა სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად ჩამოყალიბების გზაზე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ გლობალური პანდემიის დროსაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად რჩება – 2020 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3 ადგილი უჭირავს. აღინიშნა, რომ აშშ ასევე წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს და ბოლო წლების განმავლობაში შედიოდა პირველ ათეულში სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით.

„აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან საუბრისას ცალსახად აღვნიშნეთ და ამაზე ცხადია, ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ დღეს საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა – იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ამერიკულ მხარესთან ჩვენ გვაქვს მაღალი დონის რეგულარული დიალოგი სხვადასხვა ეკონომიკურ და სავაჭრო თემაზე. ამ კუთხით აღსანიშნავია ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე მაღალი დონის დიალოგისა და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით შექმნილი ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის სხდომების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები, რომლებზეც ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა თუ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნებოდა.

„არსებობს სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია შემდგომი დიალოგი და საუბარი მომავალ შეთანხმებაზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იქნა გაზიარებული, რომ ეს პროცესი, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, დავაჩქაროთ და გავააქტიუროთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი, ასევე რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი სიგნალი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის – ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გლობალური პანდემიის, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ გადადგმული ეფექტური ნაბიჯები.

„ამერიკულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ პანდემიის წინააღმდეგ დროულად გატარებულ ღონისძიებებს და მათ ეფექტიანი უწოდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.