ნათია თურნავა - აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც სამთო მომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება
აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ-ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია, რათა უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ-დან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში დაადასტურა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.