ნათია თურნავა - არასასურსათო პროდუქტების ონლაინგაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია
არასასურსათო პროდუქტების ონლაინგაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ონალაინვაჭრობის შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ზოგადად ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნოა, თუმცა ახლა აუცილებელია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესი გადაეწყოს და დაიცვას უსაფრთხოების ყველა ზომა.
„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ ეს ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს, გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა. ამ ეტაპზე, გამომდინარე ამ ამოცანიდან, არასასურსათო პროდუქტების ონლაინგაყიდვები არის პრაქტიკულად აკრძალული, ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, სასურსათო პროდუქტზე კი, ონლაინვაჭრობა გრძელდება.
„რაც შეეხება სასურსათოს, ეს გრძელდება, რადგან ეს არის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომა, მაგრამ აქაც ჩვენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას. პრემიერმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ ეს არის დროებითი, იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვია, იქ არი საწყობები, მიტანის სერვისები ჩართული, ოფისები. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინგაყიდვები. ესეც არ იყო მარტივი, ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთან იყო დაკავშირებული. ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ, ამ ბიზნესს შევთავაზოთ გადაწყობა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ ადამიანები, რომლებიც საწყობებში არიან, სამედიცინო გაიდლაინებთან შესაბამისობაში იყვნენ აღჭურვილი, ეკიპირებული, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი.
„ასევე ადამიანები, რომლებიც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ვუღებთ ჩვენი სახლის კარს, უნდა იყვნენ თვითონაც დაცული და კლიენტებიც უნდა იყვნენ დაცული. ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ ამ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, გადავიდეს ონალინგაყიდვებზე და ვინც არის ამ ბიზნესში ჩართული. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულიად პასუხობს და გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა არის სრულად უსაფრთხო და ყველა კომპანია, ვინც ონლაინ ვაჭრობაში არის ჩართული და საქმიანობს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობის მატარებელია, რადგან უამრავ ოჯახთან და ადამიანთან აქვს შეხება, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ეს კომპანია ამ წესებს სრულად პასუხობს, ამის შემდეგ შევძლებთ, დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა. როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე მოხდება ეს, რა თქმა უნდა, მთელი სფერო იფუნქციონირებს. ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ფუნქციონირება ამ ახალ ვითარებაში, გადავეწყოთ ამ კრიზისულ ვითარებაში და ამის შემდეგ, ფუნქციონირება და საქმიანობა ნებისმიერი ორგანიზაციის უსაფრთხო და შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.