ნათია თურნავა - არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ტურისტები მასობრივად ჩამოვლენ, ეს ალბათ უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება
არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ტურისტები მასობრივად ჩამოვლენ, ეს ალბათ უფრო გვიანი გაზაფხული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ტურისტებზე, რადგან სახმელეთო საზღვრების გახსნა მეტ რისკს შეიცავს.
„პირველ რიგში, ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ არა საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. ჯერჯერობით სახმელეთო საზღვრების გახსნა არის მეტი რისკის მატარებელი.
არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ აი, პირველი თებერვლიდან ტურისტები მასობრივად ჩამოვლენ. ამის საშუალებას არც გლობალური ვითარება იძლევა, რადგან არის პანდემია, ადამიანები ერიდებიან მგზავრობას. აქ საუბარია პირველ ვიზიტორებზე, ვინც შემოვა ალბათ არა პირველი თებერვლიდან, რადგან რაღაც დრო დასჭირდება ტურისტულ ინდისტრიასაც. ჩვენ დავეხმარებით ამაში, რომ მარკეტინგულად გავიტანოთ ეს ამბავი და ვიმუშაოთ. ალბათ უფრო გვიანი გაზაფხული იქნება, როცა ამის რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ. მაგ დროისთვის, თუკი ჩვენ ყველამ შევასრულეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და პროტოკოლები, დიდი იმედი მაქვს, რესტორნები არამარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ“, – განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღავრზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უპირობოდ შემოსვლა შეეძლება.