ნათია თურნავა - აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა ევროპის ცენტრალურ ბანკთან, ასეთი ფორმატის თანამშრომლობა ახალია ჩვენთვის და პირველად ხდება, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის დელეგაციამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში, პირველად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის ფორმატში, კანდიდატი ქვეყნების ფისკალური და მონეტარული პოლიტიკების განხილვაში.
„ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა წარგვედგინა. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, გამორჩეულები ვართ როგორც ეკონომიკური ზრდით, ასევე დაბალი ინფლაციით“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მდიდარია საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი ერთობლივი პროექტებით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ცენტრალურ ბანკებთან კი ამ ეტაპზე ტექნიკური დახმარების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„სებ-ი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან ახალ ტექნიკურ დახმარებაზე და გვაქვს საკმაოდ კარგად გაწერილი გეგმა ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა თურნავამ.
ბრიუსელში გამართულ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა – ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ. დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები.