ნათია თურნავა - აქციები შეიძლება, დისკომფორტს ქმნიდეს, მაგრამ თუ კანონს არ ეწინააღმდეგება, სრულიად მისაღებია
აქციები შეიძლება, დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა თუ კანონს არ ეწინააღმდეგება, სრულიად მისაღებია. არაკანონიერ ქმედებებს კი, შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრმა მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.
„რაც შეეხება აქციებს, გამოსვლებს, დემონსტრაციებს, შეიძლება ეს დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მაგრამ რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, არის სრულიად მისაღები, დემოკრატიული პროცესი. რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი მუშაობისთვის ხელის შეშლისკენ და კონსტიტუციური უწყებების პარალიზებისა და საბოტირებისკენ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი გაეცემა, სრულიად ცივილიზებული. არ მგონია, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში სხვა პასუხი ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება შექმნილი ვითარების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, მინისტრი ამბობს, რომ რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ეკონომიკისთვის ნეგატიურია.
„ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის და მათ შორის, ჩემი საზრუნავი არის ის, რომ მიუხედავად ამ ფონისა, ბიზნესი, ინვესტორი არ დავაფრთხოთ, ყველანაირი შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა იმგვარად განვითარდეს, როგორც იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.