ნათია თურნავა - საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები
ნათია თურნავა - საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები

ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ძალიან უსამართლოა, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ყველაზე წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელსაც კითხვა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გახანგრძლივებაზე დაუსვეს. საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიცია არ ეთანხმება.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება საჭიროა პოზიტიური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების ბერკეტის არსებობისა და მოსახლეობაზე ზრუნვისთვის.

„კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება და საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ როგორც აქამდე გვაქვს შენარჩუნებული კარგი, დადებითი, პოზიტიური ეპიდემიოლოგიური ვითარება, როგორც აქამდე ვზრუნავდით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ისევ გვქონდეს ამის ბერკეტები. ეს სხვა არაფრისთვის არ იქნება გამოყენებული და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება.

„არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიც არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ვართ ერთგული ამ ჩვენი დიდი გამოწვევის, რომ არჩევნები უნდა ჩავატაროთ აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და ასევე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება არ უნდა მოხდეს, რათა არჩევნები ჩატარდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.