ნათია თურნავა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას, მათ საარბიტრაჟო დავას სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
ნათია თურნავა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას, მათ საარბიტრაჟო დავას სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია

სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა კონსორციუმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე კონსორციუმთან ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა.

„ახლა არის 2020 წელი, როდესაც ხელშეკრულების თანახმად ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა, სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,  სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. პირველ რიგში, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, ეს არის პოლიტიზების მცდელობა აღნიშნული საკითხის და ასევე მცდელობა, ხელი შეგვიშალოს მთავრობას ახალი ინვესტორის მოძიებაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.